“მცდელობა, რომ რამენაირად მოინათლოს ეს ლეგიტიმურ მმართველობად, სამართლებრივ სახელმწიფოდ ან დემოკრატიად არის უკვე სასაცილო”, – ასე ეხმაურება საქართველოს მე-4 პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას.
მარგველაშვილის თქმით, “ქართული ოცნება” ქვეყანაში ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს.
“ეს არის ძალიან მძიმე დღე ქართული დემოკრატიისა და ქართული სახელმწიფოებრიობისთვის. დღე, რომელმაც ნათლად აჩვენა თუ რა მიზნები ამოძრავებს იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც არ აქვს ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა, რომელიც უბრალოდ აკონტროლებს რესურსს და ამ რესურსის კონტროლის შედეგად ცდილობს ძალადობრივად მართოს ქვეყანა და ქვეყანაში დაამყაროს ავტორიტარული და დიქტატურული მმართველობა. ეს არის დღე, რომელმაც უნდა გამოაფხიზლოს ძალიან ბევრი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. მცდელობა, რომ რამენაირად მოინათლოს ეს ლეგიტიმურ მმართველობად, სამართლებრივ სახელმწიფოდ ან დემოკრატიად არის უკვე სასაცილო”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
ოფისთან მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა მელიას მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა.
მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.











