არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატების ბიზნესინტერესებს და მათ მიერ განხორციელებულ პოლიტიკურ შემოწირულებებს სწავლობს.
კვლევის თანახმად „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების ნახევარზე მეტი – 30-დან 19 – ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში (17 – თავად და მისი რომელიმე ოჯახის წევრი, ხოლო 2-ის მხოლოდ ოჯახის წევრი). ეს 19 კანდიდატი, მთლიანობაში, სხვადასხვა ფორმით, დაკავშირებულია 186 კომპანიასთან.
კვლევის თანახმად, მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან 6 არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ განუხორციელებია პოლიტიკური შემოწირულება. ესენი არიან: სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, დავით სერგეენკო, შალვა კერესელიძე, ზაურ დარგალი და ნინო ლაცაბიძე.
„მაჟორიტარ კანდიდატთა შორის ყველაზე მსხვილი შემომწირველები არიან: გოჩა ენუქიძე – 1,254,000 ₾; ზაალ დუგლაძე – 990,000 ₾; ირაკლი ხახუბია 458,000 ₾; დავით სონღულაშვილი – 340,000 ₾; და ბეჟან წაქაძე – 320,000 ₾.
ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის 6-მა კანდიდატმა 2012 წელს მაშინდელ მმართველ პარტიას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შესწირა თანხა. ესენი არიან: ბექა ოდიშარია, დავით სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, ზაალ დუგლაძე, ირაკლი ხახუბია და ანზორ ბოლქვაძე.
მაჟორიტარი დეპუტატობის 5 კანდიდატს არასრულად ან საერთოდ არ აქვს დეკლარირებული, მისი ან/და ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული კომპანიები: დავით სონღულაშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ანზორ ბოლქვაძე, ირაკლი ხახუბია და რესან კონცელიძე“, – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.











