ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გუნდაურში მეწყრული პროცესი განვითარდა. დაზიანებულია საავტომობილო გზა და ელექტროგადამცემი ხაზები. ელექტროენერგია არ მიეწოდება 40 აბონენტს.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გეოლოგიური სამსახურის მიერ ადგილმდებარეობის შესწავლის შემდეგ მოხდება გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება. მანამდე კი ადგილობრივი მოსახლეობა შემოვლითი გზით ისარგებლებს.
„ქედის მუნიციპალიტეტში მერისი-გუნდაური-ჭალათის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მეწყრული პროცესები განვითარდა. გეოლოგიური სამსახურის მიერ ადგილმდებარეობის შესწავლა განხორციელდა და შესაბამისი დასკვნის საფუძველზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება. გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებამდე ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ შემოვლითი გუნდაური-სიხალიძეების საავტომობილო გზით ისარგებლონ“,- აცხადებენ უწყებაში.
ავტორი: ნაირა ქობულაძე










