ყვარლის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა თანამდებობა დატოვა. სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებით, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერს, ზაზა ზაუტაშვილმა თავად მიმართა.
მუნიციპალიტეტის მერის, როსტომ სესიაშვილის განმარტებით, ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს მისთვის სამსახურიდან წასვლის მიზეზი არ აუხსნია.
„თვითონ მოგვმართა განცხადებით, მიზეზი არ აუხსნია. მე არ ველოდებოდი ამას, რადგან მანამდე კომუნიკაცია არ გვქონია“,- განმარტა სესიაშვილმა.
გაერთიანების ხელმძღვანელის პოზიციაზე, ზაზა ზაუტაშვილი, ყვარლის მესამე საბავშვო ბაღის კოორდინატორმა, ნონა დავითაშვილმა ჩაანაცვლა.
1 მარტს, საბავშვო ბაღებში, სააღმზრდელო პროცესის განახლებისას, „პრაიმტაიმნიუსი“ წერდა, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის ბაგა- ბაღებში პერსონალს კორონავირუსზე ტესტირება ჩატარებული არ ჰქონდა.
მასალის გამოქვეყნების შემდეგ, ბაგა- ბაღებში, ორი დღის დაგვიანებით, თანამშრომლების ტესტირება დაიწყო. კითხვას, გახდა თუ არა, სამსახურიდან მოულოდნელი წასვლის მიზეზი, მედიაში გასული ინფორმაცია და კორონავირუსზე დაგვიანებული ტესტირება, ზაზა ზაუტაშვილმა თავი აარიდა.
„არ მინდა მიზეზების განმარტება, ასე გადავწყვიტე და მეტს ვერაფერს გეტყვით“,- განაცხადა გაერთიანების ყოფილმა ხელმძღვანელმა.
ზაზა ზაუტაშვილი დირექტორის თანამდებობას 2019 წლის თებერვლიდან იკავებდა. მისი წინამორბედი დირექტორი, მაია სამიტაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერს, სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნაში ადანაშაულებდა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











