ყველა წინადადება, რომელიც არის დღეს ასახული დოკუმენტში, არის ჩვენგან წარმოდგენილი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„არცერთი წინადადება არ არის წარმოდგენილი ოპოზიციისგან, ყველა წინადადება უკავშირდება იმას, რასაც გააკეთებს ხელისუფლება. ერთადერთი ვალდებულება, რასაც იღებს ოპოზიცია, ეს არის პარლამენტში შესვლა და ისიც არის ძალიან ბუნდოვანი წინადადება მათი მხრიდან. რაც შეეხება ჩვენს მოტივაციას, ჩვენი მოტივაციაა ის, რომ მაქსიმუმი გაკეთდეს შეთანხმების მისაღწევად იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ და ამ დამოკიდებულებით გავაგრძელებთ მუშაობას. ამ დამოკიდებულების გამოხატულება არის ისიც, რომ ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ გაგვიმჟღავნებია ამ შეხვედრების დეტალები, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას ავრცელებს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიცემულ პირობას. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და რადიკალურად განსხვავებულია სამწუხაროდ, ოპოზიცის დამოკიდებულება როგორც საკუთარი საზოგადოების, ასევე ანალოგიურად საერთაშორისო პარტნიორების მიმართ. ამას ხედავს ყველა“, – განაცხადა კობახიძემ.










