ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეჭრილი მძარცველებისა და მძევლად აყვანილი მოქალაქეების შესახებ მედიასთან კომენტარი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების შედეგად, ორი მძევალი უკვე გათავისუფლდა. მძარცველებთან სამართალდამცველები მოლაპარაკებებს აგრძელებენ.
მან მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, შემთხვევის ადგილიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან პირდაპირ ეთერში მუშაობა შეწყვიტონ მძევალთა უსაფრთხოების გამო.
„მოლაპარაკებების შედეგად ორი მძევალი გათავისუფლებულია. მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სამართალდამცავი უწყება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მძევლები თავიანთ ოჯახებში უსაფრთხოდ დავაბრუნოთ.
მოლაპარაკებების დეტალებზე ახლა არ ვისაუბრებ. მედიის წარმომადგენლებს კიდევ რთხელ მოგიწოდებთ, შემთხვევის ადგილიდან პირდაპირ ეთერში მიმდინარე მოვლენები არ გააშუქოთ, რადგან მოლაპარაკებების წარმართვას ხელს უშლით. გთხოვთ, ამისგან თავი შეიკავოთ, უსაფრთხოების მიზნით.“ – აცხადებს ვლადიმერ ბორცვაძე.











