ქურდული სამყაროს წევრობისა და მათი მხარდაჭერისთვის დაკავებულ 25 პირიდან ათს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძემ მიიღო.
დაკავებულთა ადვოკატებმა შუამდგომლობით მიმართეს მოსამართლეს და ნაწილის შემთხვევაში, გირაოს სახით თანხის გადახდა, ნაწილისთვის კი აღკვეთის გარეშე დატოვება მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და დაკავებულები პატიმრობაში დატოვა.
შსს-ს ინფორმაციით, ექვსთვიანი კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს მასშტაბით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სამართალდამცველებმა 25 პირი დააკავეს. ამავე ბრალდებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბრალი წარედგინება დამატებით ოთხ პირს.











