ქუთაისში ბოლო დროს გაკეთებულ ანტისემიტურ განცხადებებს აპროტესტებენ. სამოქალაქო აქტივისტებმა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აქცია გამართეს და ხელისუფლებას და საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ქუთაისისთვის უცხოა ანტისემიტიზმი და ეს ქალაქი არის მაგალითი, როგორი უნდა იყოს ხალხებს შორის მეგობრობა. ამიტომ მიუღებელია, მსგავსი განცხადება, მით უფრო მეუფის მხრიდან. მათი თქმით, ანტისემიტური განცხადებები და დაპირისპირება მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 20 დეკემბერს ქუთაის-გაენათის ეპარქიის ეპისკოპოსმა, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა ქადაგებისას ანტისემიტური შინაარსის განცხადები გააკეთა. მოგვიანებით, იოანე გამრეკელის დასაცავად წარმოთქმულ ქადაგებაში დეკანოზმა ილია კარკაძემაც ანტისემიტური შინაარსის განცხადება გაავრცელა.
28 დეკემბერს ამ ფაქტთან დაკავშირებით TDI-მ (ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი) განცხადება გამოაქვეყნა და დაგმო საეკლესიო ანტისემიტიზმი.
ავტორი: კესო მოლაშხია








