ქუთაისში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა, პოლიციამ ერთი პირი უკვე დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 იანვარს, ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე “ლიბერთი ბანკის” ფილიალის შენობაში შეიჭრა, პისტოლეტის მუქარით მოლარე-ოპერატორებს ფული მოსთხოვა, თუმცა თანხის წაღება ვერ მოახერხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა თავდამსხმელი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











