ქუთაისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული დ.გ., ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ბრალდებით – 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ც. დააკავეს, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დ.გ. მიმდინარე წლის 4 ივნისს, ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე, თანმხლებ პირებთან ერთად, ავტომობილით დაედევნა ნაცნობს – 1990 წელს დაბადებულ დ.ბ.-ს, რომელიც წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან მეორე დღეს, დ.გ. – თბილისში, ხოლო მ.ც. ოზურგეთში დააკავეს“, – აღნიშნულია საპოლიციო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით და 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











