ქუთაისში „საქართველოს ბანკის” ფილიალის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, 1978 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ვ.ხ.-ს ქურდობის მცდელობაში ედება ბრალი. დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე განთავსებული რამდენიმე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანა და ამავე ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალის გაქურდვას ცდილობდა, რა დროსაც პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა.
სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის გზით ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.











