ამ დროისთვის ქვეყანაში 52 საჯარო სკოლა და 121 ცალკეული კლასი სრულ დისტანციურ სწავლებაზეა გადასული. ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 218 კერძო სკოლიდან დისტანციურ სწავლებაზეა 2 სკოლა და 17 ცალკეული კლასი.
ამასთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0.02%-ს დაუდასტურდა.
„რაც შეეხება რისკ ჯგუფში მყოფი მასწავლებლების რაოდენობას, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით სკოლას თავად მიმართეს და შეღავათი გაეწიათ, ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 91 პედაგოგი იმყოფება. როგორც წესი, ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება, რის შემდეგაც აღნიშნული სკოლები ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის შესაბამისად იმოქმედებენ”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ უწყვეტად გაგრძელდება პედაგოგთა და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ტესტირება.
„სამინისტრო კვლავაც მაქსიმალურს გააკეთებს იმისათვის, რომ სკოლებში ჯანსაღი გარემო შენარჩუნდეს და სასწავლო პროცესი კვლავ უსაფრთხოდ წარიმართოს. კერძოდ, გარდა იმისა, რომ სამინისტრო სკოლებს ხელს შეუწყობს საჭირო რესურსით აღჭურვაში, შემთხვევით შერჩევის პრინციპით სამინისტროს პირველი პირები და რესურსცენტრები სკოლებში კვლავ სისტემატურ მონიტორინგს განახორციელებენ. ამავდროულად, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ უწყვეტად გაგრძელდება პედაგოგთა და სკოლის წარმომადგენელთა ტესტირება. ფაქტი, რომ სკოლებში ვირუსთან საბრძოლველად ჰიგიენა მაღალ დონეზეა დაცული, სამინისტროს მიერ მაქსიმალური სიზუსტით აღრიცხული სტატისტიკაც ადასტურებს, რომლის თანახმად, სწავლის განახლებიდან დღემდე, კვირიდან კვირამდე პროცენტულ მაჩვენებლებს შორის სხვაობა მინიმალურია. თუმცა, მიმდინარე კვირის მონაცემებით, სხვადასხვა პარამეტრი ოდნავ გაზრდილია, რაც საგანგაშოა“, – განაცხადა დგებუაძემ.











