დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა საგრძნობლად იმატა.
მისი თქმით, ქვეყანაში გაჩნდა ორი ცხელი წერტილი, მათ შორის ერთი გარდაბნის მუნიციპალიტეტია, სადაც ერთ-ერთი სოფელი ყარაჯალარი უკვე ჩაიკეტა, ხოლო მეორე ბაზრობებია.
როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, „ლილოს“ ბაზრობაზე 1,400-ზე მეტი „პისიარ“ ტესტი ჩატარდა.
„სერიოზული გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს ლილოს ბაზრობაზე, რამე თუ ლილოს ბაზრობაზე გადაიკვეთა მთელი რიგი შემთხვევები, როგორც გარდაბნის ისე სხვა კლასტერების.
ამიტომ იქ უკვე დავიწყეთ ინტენსიური ტესტირება, ლილოს ბაზრობაზე მომუშავე 1415 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება. ამ დროისთვის მიდის 6 ნიმუშზე ჩაღრმავებული კვლევა. დღეს 500 ნიმუშის ტესტის პასუხი იქნება ცნობილი.
ბაზრობები და გარდაბნის მუნიციპალიტეტი გახდა უფრო მეტად საყურადღებო, სადაც მიმდინარეობს გაფართოებული ტესტირებები. ამავე დროს ზოგადად ბაზრობებთან მიმართებაში ვგეგმავთ გაფართოებულ ტესტირებას, რადგან [ბაზრობებზე] ყველაზე მაღალია მობილობა, ადამიანთა მისვლა-მოსვლა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, ბაზრობებზე გამკაცრებულია სანიტარული წესები და გაფართოებული ტესტირება ყველა ბაზრობაზე იგეგმება.
„ყველა ბაზრობაზე გამკაცრებულია თერმოსრინინგი, გამკაცრებულია დისტანცირება, გამკაცრებულია სანიტარული წესები და მოგეხსენებათ ყველაზე დიდ „ლილოს“ ბაზრობაზე მიმდინარეობს ინტენსიური „პისიარ“ ტესტირება და ვაპირებთ ამ ტიპის კვლევები სხვა ბაზრობებზეც ჩავატაროთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.











