ირკვევა, რომ 19 წლის ფეხბურთელს გიორგი შაქარაშვილს სხეულზე ჰქონდა 10-მდე დაზიანება. მათ შორის საუბარია მოტეხილობებზე.
საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შორის არის ფოტომასალა შემთხვევის ადგილიდან, რომელსაც „რუსთავი 2“ ასაჯაროებს.
ვრცელდება იმ ხელკეტის ფოტომასალა, რომლითაც ახალგაზრდებმა დაზიანებები მიიღეს.


გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების შემდეგ გადაღებული ფოტოები 22 ივნისით არის დათარიღებული. ფაილი 60 ფოტოს მოიცავს, ფოტომასალებიდან ირკვევა, რომ ცხედარი მდინარე არაგვში ფეხშიშველ მდგომარეობაშია ნაპოვნი.
სხეულს უამრავი დაზიანება აქვს მიყენებული, მარჯვენა ხელის მოტეხილობა, მარჯვენა მკლავზე დაზიანებები და ტუჩზე ნახეთქი ჭრილობები. სხეულის სხვადასხვა არეში გიორგი შაქარაშვილს უამრავი დაზიანება ჰქონდა.
სხეულს დაზიანებები მდინარეში მოხვედრამდე აქვს მიღებული თუ მას შემდეგ, ამას პასუხს ექსპერტები გასცემენ.
11-12 ტომში განთავსებულ ფოტოებში არის იმ რკინის მილის ფოტო, რომელსაც ნიკა ჟვანია ფლობდა და ამას ჩვენებაშიც ამბობს. ნივთმტკიცებულებებს შორის არის ასევე კრამიტები.


შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი 18 ივნისს სწორედ ანა გაბეჩავას დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მოხდა.
გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა სამართალდამცავ ორგანოებს 19 ივნისს 11:00 საათზე მიმართეს. 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ კი ფეხბურთელი მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 პირი დააკავეს. სასამართლომ ყველა მათგანს აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.











