„სააკაშვილი დაგვპირდა და ვარშალომიძე ჩამოვიდა – რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა“,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ლევან ვარშალომიძეზე საუბრისას განაცხადა.
როგორც იგი ამბობს, ვარშალომიძე იმ რუსული საქმის წარმომადგენელია, რასაც „ნაცმოძრაობა“ აკეთებს.
„თურქეთიდან რომ შემოდიოდა, ვარშალომიძემ მიმართვა გაავრცელა და მე მოვუწოდებ ყველა ადამიანს, რომ ის ნახოს, ვფიქრობ, კომენტარიც აღარ იქნება საჭირო. ის არის „ნაცმოძრაობის“ გუნდის ერთ-ერთი ჩვეულებრივი წარმომადგენელი, ისეთივე თანამონაწილე იმ დანაშაულებისა, იმ რუსული საქმისა, როგორიც ყველა დანარჩენი ლიდერი „ნაცმოძრაობიდან“. სააკაშვილი დაგვპირდა და ვარშალომიძე ჩამოვიდა – რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა.
ის ახსენებდა „რუსული ოცნებაო“ და ეს მესიჯბოქსი აქვთ დალაგებული უკვე 10 წელზე მეტია. ყველა მათ წარმომადგენელს მოვუწოდებ, თავის თავთან მაინც დასვან შეკითხვა, როდესაც რუსულ საქმეზე ლაპარაკობენ, რატომ დაუჭირა მათმა პარტიამ მხარი ქართველი ჯარისკაცების მიერ ვითომ ომის დაწყებას, რატომ დაუშვეს ეს? ამაზე დიდი ღალატი, საქართველოს უახლეს ისტორიაში არ ყოფილა! 10 წელი მალეს ეს ამბავი და ბოლოს მაინც გამოჩნდა. დღეს, როდესაც რუსულ თემაზე ლაპარაკობენ, პირველ რიგში, სტრატეგიულ გაყიდულ ობიექტებს რომ თავი დავანებოთ, სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებთ რუსეთის მხარდაჭერას თავი რომ დავანებოთ, რატომ დაუჭირეს იმ ტყუილ მოცემულობას მხარი, სადაც ეწერა, რომ თითქოს ქართველმა ჯარისკაცებმა დაიწყეს ომი?“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.











