პრობლემურ მსესხებელთა ასოციაციის განმარტებით, სესხის ხანდაზმულობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით დადგენილი ვადაა, რომლის გასვლის შემდეგაც, პირი სხვა პირის მიმართ მოთხოვნის უფლებას კარგავს.
იმ შემთხვევაში, თუ სესხის გადახდის ვალდებულება ნაწილ-ნაწილ არის განსაზღვრული ან სესხისთვის ყოველთვიური პროცენტია გათვალისწინებული, თითოეული შესრულებისთვის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა დამოუკიდებლად აითვლება.
„მაგალითად, პირმა ისესხა მიკროსაფინანსო კომპანიისგან 1 000 ლარი 2014 წლის 10 მაისამდე. თუ 10 მაისს პირი არ დააბრუნებს სესხს, მაშინ 11 მაისიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წარმოეშობა მოთხოვნის უფლება და აითვლება ხანდაზმულობის ვადა. მიკროსაფინანსოს მოთხოვნა ჩაითვლება ხანდაზმულად 2017 წლის 12 მაისის შემდეგ“, – აღნიშნავენ ასოციაციაში.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ ხდება ბანკების მიერ ხანდაზმულობის გაცოცხლება, ასოციაციაში აცხადებენ, რომ ხანდაზმული სესხის ვადა სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ძირითადად, ორ ვითარებაში აღდგება და ეს ორივე შემთხვევა მოვალის ანუ მოქალაქის მიერ კანონის არცოდნის შედეგად არის გამოწვეული.
„კანონის ნორმა, რომელიც სესხის ხანდაზმულობას ეხება, ცხადია, კარგად არის ცნობილი ბანკებისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, პრობლემური სესხების მართვის სამსახურებისთვის და ასევე კერძო პირებისთვის, რომლებიც თანხის გასესხებით არიან დასაქმებულნი, მაგრამ მსესხებელს ამის შესახებ არ ეუბნებიან. სწორედ მაშინ, როდესაც მხარე სესხის ხანდაზმულობის თაობაზე ინფორმირებული არ არის, მოვალე მხარეზე მორგებულ ახალ გრაფიკს უწესებენ და ასე ცდილობენ სესხის მოთხოვნის ვადის აღდგენას.
არის კიდევ ერთი შემთხვევა, როცა ხანდაზმული სესხი არახანდაზმული ხდება: ხშირად კრედიტორი მხარე (ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და ა. შ.) სასამართლოს მიმართავს. ასეთ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც მოვალე სარჩელს მიიღებს, უპასუხისმგებლოდ არ უნდა მოიქცეს. კერძოდ, მოქალაქემ უნდა მიმართოს სასამართლოს, შეიტანოს შესაგებელი და განაცხადოს, რომ სესხი ხანდაზმულია და ამ თანხის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება. ის აუცილებლად უნდა გამოცხადდეს სასამართლო სხდომაზე. თუმცა, ხშირად, მოვალე მხარემ არ იცის, რომ სესხი ხანდაზმულია, ბანკის მიერ შეტანილ სარჩელზე მოვალეს არ შეაქვს შესაგებელი და არც ესწრება სასამართლოს, მოსამართლეს კი დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოსარჩელის (კრედიტორის) სასარგებლოდ გამოაქვს და მოვალეს ხანდაზმული სესხის გადახდას აკისრებს.
მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ სასამართლოს დაესწრებიან და პროცესზე განაცხადებენ, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია და მისი გადახდის ვალდებულება არ გააჩნიათ, სასამართლო კრედიტორი მხარის სარჩელს არ დააკმაყოფილებს“, – განამრატავენ ასოციაციაში.











