პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ მსოფლიოს კორონავირუსის ახალ ვარიანტებთან ბრძოლა უწევს.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, კოვიდის ბრიტანული შტამი, შესაძლოა, უფრო მომაკვდინებელი იყოს, ვიდრე აქამდე არსებული მუტაციები.
მეცნიერები კოვიდის ახალი ვარიანტების შესწავლის პროცესში არიან, რათა გაიგონ რამდენად იწვევს ის ვირუსის მძიმე შემთხვევებს.
|კოვიდის რამდენი ახალი მუტაცია არსებობს
დღესდღეობით მსოფლიოში კოვიდის ათასობით სხვადასხვა ვარიანტი არსებობს, თუმცა მეცნიერები განსაკუთრებულ ყურადღებას მხოლოდ ვირუსის 3 შტამზე ამახვილებენ.
- კოვიდის ბრიტანული ვარიანტი – რომელიც დიდ ბრიტანეთში საკმაოდ დომინირებს და ის ასევე მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული
- სამხრეთ აფრიკული შტამი, რომელიც სულ მცირე 20 ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთშიც, არის გავრცელებული
- კოვიდის ბრაზილიური შტამი
ზოგადად ვირუსების მუტაცია უჩვეულო მოვლენა არ არის. ხშირ შემთხვევაში მუტაცია ვირუსზე დიდ ზეგავლენას არ ახდენს, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, რომელთა შედეგადაც ვირუსები უფრო მომაკვდინებლები ხდებიან.

|საშიშია კოვიდის ბრიტანული, ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული ვარიანტი?
ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კოვიდის ახალი მუტაციები ინფიცირებულ ადამიანებში ვირუსის მძიმე ფორმებს იწვევს.
ვირუსის არსებული ვარიანტის მსგავსად, კოვიდის ახალი მუტაციების რისკ-ჯგუფში ასაკოვნები და ის ადამიანები შედიან, ვისაც თანმხლები დაავადებები აქვს.
რაც შეეხება კოვიდის ბრიტანულ შტამს, ადრეული კვლევების მიხედვით, შესაძლოა, ის ვირუსის აქამდე არსებულ ვარიანტებზე 30%-ით მომაკვდინებელი იყოს. თუმცა, კვლევის შედეგები წინასწარია და ჯერჯერობით მყარი მტკიცებულებები არ არსებობს. მეცნიერები კვლავ კვლევის პროცესში არიან.
აღსანიშნავია, რომ ხელების დაბანა, სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება კოვიდთან ბრძოლაში შეუცვლელი პრევენციული საშუალებებია.
|რა ცვლილებები განიცადა ვირუსის ახალმა მუტაციებმა
კორონავირუსის ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული და ბრაზილიური შტამები, სავარაუდოდ, უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე აქამდე არსებული ვარიანტი.
სამივე მუტაციის შემთხვევაში ცვლილებები სპაიკ პროტეინში მოხდა, ანუ, ვირუსის იმ ნაწილში, რომელიც ადამიანის უჯრედებს აინფიცირებს.
შედეგად, ახალი ვარიანტებით უჯრედის ინფიცირება ადვილად ხდება და ვირუსი სწრაფად ვრცელდება.
ბრიტანელი მეცნიერების თქმით, კოვიდის ბრიტანული შტამი, რომელიც პირველად ქვეყანაში სექტემბერში აღმოაჩინეს 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება. Public Health England-ის ჩატარებულმა კვლევებმა განსხვავებული შედეგი აჩვენა. კერძოდ, შედეგების მიხედვით, ბრიტანული შტამი 30-50%-ით უფრო სწრაფად გავრცელებადია.

სამხრეთ აფრიკული ვარიანტი პირველად ოქტომბრის თვეში გამოჩნდა. ბრიტანული შტამისგან განსხვავებით, სამხრეთ აფრიკულმა ვარიანტმა სპაიკ პროტეინში უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა.
კერძოდ, სამხრეთ აფრიკულმა ვარიანტმა დამატებით კიდევ ორი მუტაცია განიცადა (სულ სამი). სწორედ ამიტომ მეცნიერები ფიქრობენ, რომ შესაძლოა ამ ყველაფერმა ვაქცინის ეფექტურობაზე გავლენა მოახდინოს. ამ ორი მუტაციიდან ერთ-ერთი ვირუსს, სავარაუდოდ, ანტისხეულებისგან თავის არიდებაში დაეხმარება.
რაც შეეხება ბრაზილიურ შტამს, ის პირველად ივლისში გამოჩნდა. სამხრეთ აფრიკული ვარიანტის მსგავსად, მანაც სპაიკ პროტეინში სამი ძირითადი მუტაცია განიცადა.
|ახალი ვარიანტების მიმართ ვაქცინები ეფექტური იქნება?
მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით არსებული კოვიდის ვაქცინები ძველი ვარიანტის მიხედვით არის შექმნილი, მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ისინი ეფექტურები ახალი ვარიანტების მიმართაც იქნებიან.
კვლევის ადრეული შედეგების მიხედვით, Pfizer-ის კორონავირუსის ვაქცინა ბრიტანული შტამის მიმართაც ეფექტურია.
Moderna-ს განცხადებით, კვლევის წინასწარმა შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ მათ მიერ წარმოებული ვაქცინა სამხრეთ აფრიკული ვარიანტის მიმართ კვლავ ეფექტურია.
ექსპერტების თქმით, კოვიდის ახალი, განსხვავებული ვარიანტები, შესაძლოა, უახლოეს მომავალში კვლავ გამოჩნდეს.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაშიც კი ვაქცინების შეცვლა და მათი ახალ ვარიანტებზე მორგება 2 კვირაში ან ერთ თვეში შეიძლება მოხდეს. ისევე როგორც ეს გრიპის ვაქცინის შემთხვევაში ხდება, რომელიც ყოველწლიურად იცვლება.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით
ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენტო PTN.ge











