ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა რადიომაუწყებლებს 1.5 მილიონი ლარის დავალიანებას და წლის ბოლომდე მომსახურების საფასურს პატიობს.
როგორც მინისტრი ამბობს, საუბარია 24-მდე რადიოკომპანიაზე, რომლებმაც მთავრობას და მარეგულირებელ კომისიას მიმართეს.
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებობს კომპანია შპს საქართველოს ტელე-რადიოცენტრი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ანძებს ფლობს. ამ ანძების მეშვეობით, სხვადასხვა სიხშირეს ვაწვდით რადიომაუწყებლებს. ჩვენ და მარეგულირებელ კომისიას, ცოტა ხნის წინ, 24-მდე რადიოკომპანიამ მოგვმართა. მათ მოითხოვეს ტელე-რადიოცენტრის მიმართ დაგროვილი დავალიანების პატიება, რაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდით ახსნეს. მთავრობამ გაიზიარა ეს არგუმენტაცია, რადგან მათთვის ძირითადი შემოსავალი არის რეკლამა. მოგეხსენებათ, 2020 წელს შეფერხებული იყო ეკონომიკური საქმიანობა და ამ წყაროდან, მათ შეუწყდათ ან შეუმცირდათ შემოსავალი. აქედან გამომდინარე, მთავრობამ გაიზიარა მათი მოთხოვნა და, მთლიანობაში, დაახლოებით, 1.5 მილიონი ლარისა და ასევე, წლის ბოლომდე, მომსახურების საფასურს ვპატიობთ ამ რადიომაუწყებელ კომპანიებს. გვინდა, მათ წარმატება ვუსურვოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.











