მინდა, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ აჭარაში ყველა კლინიკა, სადაც ვიყავით, მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილია, შეესაბამება დღევანდელ კოვიდცენტრის მართვის კრიტერიუმებს, – ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
ლევან რატიანის განმარტებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რამდენიმე დღეა, იმყოფება. რატიანი აღნიშნავს, რომ კლინიკა თანამედროვე ტექნიკურ-მატერიალური ბაზითაა აღჭურვილი.
„რაც შეიძლება მეტად უნდა დავიცვათ ჩვენი თავი და გარემო, ვინაიდან დღემდე არ არსებობს სამკურნალო საშუალება, არის მხოლოდ და მხოლოდ პირბადე და ფიზიკური დისტანცია. კრიტერიუმები უნდა შევასრულოთ და იმედია, აჭარა კოვიდინფექციისგან მალე გათავისუფლდება.
მართალია, კლინიკა ახალგახსნილია, მაგრამ აღჭურვილია ტექნიკურ-მატერიალური ბაზით, როგორც უნდა იყოს თანამედროვე კლინიკა. რაც შეეხება მედპერსონალს, ჰყავთ ძალიან კვალიფიციური და კარგი მედპერსონალი და მართვას შესანიშნავად ართმევენ თავს. მართვა ხდება ისეთი პროტოკოლით, რაც სამყაროშია“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
აჭარაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გართულების გამო, ლევან რატიანი ბათუმში იმყოფება. რეგიონში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აჭარის რეგიონში ლევან რატიანი კლინიკური კონსულტანტების გუნდთან ერთად ჩავიდა.











