საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, რეგიონების მასშტაბით საველე ჰოსპიტლების მოწყობაზე მუშაობა მიმდინარეობს.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, თბილისში მსგავსი სივრცე უკვე ორ ლოკაციაზეა მოწყობილი.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, ეკატერინე ტიკარაძე კახეთის რეგიონის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის მართვაში ჩართული კლინიკების მენეჯმენტსა და ოჯახის ექიმებს შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების კლინიკური მართვის საკითხზე პასუხისმგებელ პირებთან მოქმედი პროტოკოლი განიხილა.
ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, სამედიცინო სექტორთან შეხვედრაზე ძირითად განსახილველ თემას ინფიცირების მოსალოდნელი აღმავალი ტალღის ფონზე ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნა წარმოადგენდა.
„ეკატერინე ტიკარაძე დღეს, თელავში მოქალაქეთა იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობასაც გაეცნო. კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, მობილურ ამბულატორიებში არის შესაძლებელი. მან მობილური ამბულატორია, სადაც მოქალაქეების ვაქცინაცია მიმდინარეობდა, „კოვიდ-19“-ის მართვაში ჩართული კლინიკების მენეჯერებსა და ოჯახის ექიმებთან შეხვედრამდე მოინახულა. მინისტრის თქმით, მთავარი პირობა, რაც მრავალფეროვან ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას ეხება, მობილურ ამბულატორიებშიც დაცულია. კახეთის რეგიონი აქტივობისთვის ვაქცინაციის დაბალი პროცენტულობის მაჩვენებელისა და ტურისტების მაღალი ნაკადის გამო შეირჩა. “მოდი ავიცრათ ერთმანეთისთვის” საინფორმაციო შეხვედრები ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში შედგა და ყველა რეგიონს მოიცავს. შეხვედრები Covid-19”-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჯანდაცვის სექტორის მზადყოფნის უზრუნველყოფას ემსახურება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.











