„რესპუბლიკური პარტია“ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენაზე უარს ამბობს. როგორც „პრაიმტაიმნიუსთან“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, მისი პარტია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და კანდიდატებს მხოლოდ პროპორციული სიით წარადგენს.
„პირადად მაჟორიტარობას არ ვაპირებ. როგორც ჩანს, „რესპუბლიკელებს“ მაჟორიტარები არ ეყოლება. მაჟორიტარობის რესურსი, არც ორგანიზაციული და არც ფინანსური, ამჟამად „რესპუბლიკელებს“ არ გვაქვს – ჩვენს შესაძლებლობებს ადეკვატურად ვაფასებთ. ჩვენ ყველაზე უფრო აქტიური, აქტუალური და ეფექტური ვართ საინფორმაციო სივრცეში და მოსახლეობასთან უშუალოდ შეხვედრებში.
ბევრი “რესპუბლიკელია‘ საერთო ნაციონალური ცნობადობის მქონე. ჩვენ ვიქნებით საარჩევნო პროცესში ხალხთან უშუალო შეხვედრებზეც და მედიასაშუალებებშიც. პირადად პროპორციულ სიაში ნამდვილად ვიქნები“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.
ინფორმაციისთვის, იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგი არ შეცვალა, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნების შემდეგ, პარლამენტი 30 მაჟორიტარით და 120 – პროპორციულ სიაში შესული შესული დეპუტატით დაკომპლექტდება.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











