წყალტუბოში, რიონის ხეობაში „ნამახვანჰესი“ მშენებლობის მომხრეებმა აქცია გამართეს. ისინი მუშაობის განახლებას და სამსახურებს ითხოვენ.
„რიონის ხეობის მოსახლეობა შევიკრიბეთ, რათა ხმა მივაწვდინოთ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, ვთხოვოთ მხარდაჭერას, რომ წარმატებით განახლდეს ხეობაში დაწყებული „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის პროცესი, რომელიც თავისი შინაარსით უმნიშვნელოვანესია, როგორც გაუკაცრიელებული და დაცლილი ხეობისთვის, ასევე სრულიად საქართველოსთვის, რადგან ეს იქნება მნიშვნელოვანი ბერკეტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისათვის. არ დავუშვებთ ეს უნიკალური შანსი შევწიროთ რაღაც მარგინალური ჯგუფის ვიწრო ინტერესებს და იაფფასიან სპეკულაციებს გადავაყოლოთ ხეობის აყვავება-განვითარების ერთადერთი ნათელი პერსპექტივა“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე სალომე ლიპარიძე.
ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, რომლებიც ამბობენ, რომ ნამახვანჰესის მშენებლობა საფთხის შემცველია.
ნამახვანჰესის მშენებლობას „ენკა რინიუებლზის“ ახორციელებს. სამუშაოები ამჟამად ერთდროულად ოთხ ლოკაციაზე მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგა ვატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგა ვატს შეადგენს.
ინვესტიციის სანაცვლოდ, კომპანია ჰესის ამოქმედების შემდეგ, ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანის პირობას დებს. კომპანიის ინფორმაციით, მშენებლობაზე, რომელიც სამ წელზე მეტ ხანს გაგრძელდება, 3 000-მდე ადამიანი დასაქმდება.
„თემთა ერთობის“ წევრები კი ამბობენ, რომ კომპანიას არ აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) განახლებული გეგმა. გაერთიანების წევრების თქმით, კომპანია ვერ პასუხობს მათ კითხვებს დაგეგმილი მშენებლობა შეუქმნის თუ არა წყალტუბოს წყალს საფრთხეს.
ავტორი: კესო მოლაშხია










