დღეს, რიონის ხეობის „მცველები“ ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან. მხარეების დიალოგი მერიის შენობაში შედგება. ხეობის მცხოვრებლებს ამ შეხვდრის დიდი მოლოდინი აქრ აქვთ.
„კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უკვე შეცვლილი ქონდა განწყობა ეკონომიკის მინისტრს. ვხვდებით მხოლოდ იმისთვის რომ სათქმელი არ ქონდეთ დიალოგზე უარი თქვეს. ჩვენი პროტესტი გრძელდება“, – ამბობს რიონის მკვიდრი და აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი.
რიონის ხეობაში ჰესის წინააღმდეგ პროტესტი ოთხ თვეზე მეტია გრძელდება. ხელისუფლებამ ჰესის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის საჭიროება მხოლოდ მას შემდეგ დაინახა, რაც 28 თებერვალს ქუთაისში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა, სადაც ხეობის მცველებმა მთავრობას ორკვირიანი ულტიმატუმი წაუყენეს.
რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია “ენკა” აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლების დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.
ავტორი: კესო მოლაშხია










