კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2019 წლის დეკემბერი) თითქმის წელიწად-ნახევრის თავზე მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დადგა.
ბრიტანული (ალფა), სამხრეთ აფრიკული (ბეტა), ბრაზილიური (გამა) ,ინდური (დელტა), – ეს იმ შტამების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც SARS-CoV-2-ის მუტაციის შედეგად მივიღეთ.

|რატომ განიცდიან ვირუსები მუტაციას – როგორ ჩნდება კორონავირუსის ახალი ვარიანტები
როგორც მედიცინის დოქტორი, პროფესორი სტიუარტ რეი აღნიშნავს, მუტაცია რნმ ვირუსებისთვის დამახასიათებელი, ბუნებრივი მოვლენაა და გამონაკლისი არც Sars-Cov2-ია.
„დროთა განმავლობაში რნმ ვირუსები მუტაციას განიცდიან. ეს მათი ბუნებაა. ზოგიერთი მათგანი ცვლილებებს ხშირად განიცდის. ზოგიერთი კი ნაკლებად. მაგალითისთვის, გრიპის ვირუსი ყოველწლიურად ახალი სახით გვევლინება. სწორედ ამიტომაა, რომ ყოველ წელს ადამიანებს გრიპის ვაქცინის გაკეთება თავიდან უწევთ“,- აცხადებს პროფესორი ბოლინგერი.
- როგორ განიცდის ვირუსი მუტაციას
ვინაიდან ვირუსების ერთადერთი ფუნქცია გამრავლებაა, მუტაციის პროცესი უფრო ხშირია, ვიდრე წარმოგვიდგენია.
რეპლიკაციისთვის ვირუსები გენეტიკური კოდს, სხვა სიტყვებით, ვირუსის გასამრავლებელი ინსტრუქციას იყენებენ, რომელიც შესაძლოა, დნმ-ის ან რნმ-ის მოლეკულა იყოს. ორივე ტიპის მოლეკულა ხვეულ სპირალს წააგავს, რომელიც ვირუსის გენეტიკური ინფორმაციის შესახებ ჩანაწერებს ცილოვანი სტრუქტურების სახით შეიცავს. გენეტიკური ინფორმაცია სწორედ ისაა, რასაც ვირუსი მასპინძელი ორგანიზმის უჯრედებს გადასცემს და საკუთარი თავის ათიათასობით რეპლიკას აწარმოებინებს.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში რეპლიკაციის პროცესში ვირუსი ბევრ შეცდომას უშვებს, რის შედეგადად ვირუსის რადიკალურად განსხვავებული ფორმები ყალიბდება. ვირუსის ასეთ ახალ სახეობებს, რომლებსაც მათი წინაპრებისგან განსხვავებული მახასიათებლები აქვთ, შტამებს უწოდებენ.
უმრავლეს შემთხვევაში მუტაციით გამოწვეული ცვლილება უმნიშვნელოა -ზოგიერთი გენეტიკური მუტაცია ვირუსს ასუსტებს კიდეც, თუმცა, ზოგჯერ მუტაცია ვირუსს გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს, რომელიც მას უფრო ძლიერს, გადამდებს ან/და მომაკვდინებელს ხდის.

|კოვიდის მუტაცია უსასრულოდ გაგრძელდება?
კორონავირუსის მუტაციების გაჩენის შემდეგ, ბუნებრივია, იბადება კითხვა – ექნება კი ამ ყველაფერს ბოლო, არსებობს რაიმე ლიმიტი თუ ის უსასრულოდ გაგრძელდება და ახალ შტამებთან ბრძოლა სამუდამოდ მოგვიწევს?!
ვირუსის მუტაციის პროცესი დაახლოებით იმ გზას ჰგავს, რომელსაც ადამიანი პირველი სამსახურის დაწყებიდან ცხოვრების ბოლომდე გადის. უფრო მარტივად, რომ ვთქვათ, პირველი სამსახურის დაწყებისას ადამიანები მორიდებულები არიან, მათთვის ახალი გარემო საკმაოდ უცხოა, თუმცა დროთა განმავლობაში ისინი ახალ უნარებს ივითარებენ და გარემოში მარტივად ადაპტაციის უნარს იძენენ.
ასეა ვირუსის შემთხვევაშიც. თავდაპირველად კოვიდი ნაცნობი გარემოდან (მიჩნეულია, რომ ღამურებიდან) უცნობ გარემოში (ადამიანის ორგანიზმში) გავრცელდა.
„როდესაც ვირუსები ადამიანზე ცხოველიდან ვრცელდება, თავდაპირველად ისინი თავიანთ თავს სრულყოფილად ვერ ამჟღავნებვენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც გარემოს შეეჩვევიან, ახალ უნარებს იძენენ. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი გრიპის ვირუსია, რომელიც ყოველწლიურად ახალი სახით გვევლინება“,- ამბობს Imperial College London-ის ვირუსოლოგი, პროფესორი ვენდი ბარკლეი.

იმის განსასაზღვრად, თუ რამდენად დიდია ვირუსის უნარი გავრცელდეს პოპულაციაში, მის რეპროდუქციული მაჩვენებელს, R0-ს (მეორე სიმბოლო ნულია, და არა ლათინური „ო“.) უნდა დავაკვირდეთ. მარტივად რომ ვთქვათ, რეპროდუქციული მაჩვენებელი (R0) არის რიცხვი, რომელიც გვიჩვენებს, საშუალოდ რამდენ ადამიანს გადასდებს ინფექციას ერთი ინფიცირებული. ამ რიცხვის საშუალებით შეგვიძლია განვსაზღვროთ, რა სიხშირით გავრცელდება ინფექცია ისეთ პოპულაციაში, რომელიც ამ მიკროორგანიზმს საერთოდ არ იცნობს, ანუ, არ აქვს მის მიმართ იმუნიტეტი და სრულებით მოწყვლადია. აღსანიშნავია, რომ R0 ყველა პათოგენისათვის განსხვავებულია. მაგალითისთვის, თუ ეს მაჩვენებელი ერთია, ინფიცირებული ადამიანი აინფიცირებს საშუალოდ ერთ სხვა ინდივიდს. რაც უფრო მაღალია კონკრეტული პათოგენის R0, ინფექცია მით უფრო გადამდებია და უფრო სწრაფად ვრცელდება.
აღსანიშნავია, რომ უჰანში პანდემიის დაწყებისას კოვიდის R0 დაახლოებით 2.5 იყო. ინდური ვარიანტის შემთხვევაში კი 8.0-ია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
„კოვიდმა ბევრჯერ გაგვაოცა. მან ყველა ის თვისება გამოავლინა, რისიც ძალიან გვეშინოდა. ის ფაქტი, რომ ვირუსის ბრიტანული და ინდური შტამები ორიგინალ ვარიანთან შედარებით, 50% -ით სწრაფად ვრცელდება, კოვიდის ფენომენალურ ცვლილებაზე მიგვანიშნებს.
ამიტომ, საკმაოდ სულელური ნაბიჯი იქნება, რომ რაიმე ლიმიტზე ვისაუბროთ ან კონკრეტული რიცხვი დავასახელოთ თუ რამდენ ხანს გააგრძელებს კოვიდი მუტირებას“,- აღნიშნავს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, არის კაძურაკისი.
|რა ფაქტორებით განსაზღვრავენ მეცნიერები რამდენად საშიშია ვირუსის ახალი მუტაცია
იმის დასადგენად, თუ რამდენად საგანგაშოა ვირუსის ახალი მუტაცია, მეცნიერები, პირველ რიგში, შემდეგ ფაქტორებს სწავლობენ:
- რამდენად სწრაფად ვრცელდება ახალი მუტაცია;
- იწვევს თუ არა ინფიცირების შემდეგ ვირუსის მძიმე ფორმებს;
- შესაძლებელია თუ არა მისი სწრაფი ტესტებით გამოვლენა;
- რამდენად ექვემდებარება მისი მკურნალობა არსებულ საშუალებებს (ვაქცინებს, მედიკამენტებს);
- მოქმედებს თუ არა ვაქცინების ეფექტიანობაზე;


|როგორ დავიცვათ თავი კოვიდის ახალი ვარიანტებისგან
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ კოვიდის ახალი მუტაციებისაგან თავის დასაცავად აუცილებელია:
- ადამიანებმა გაიკეთონ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა;
- აუცილებელია პირბადის სწორად ტარება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მან აუცილებლად უნდა დაფაროს ცხვირისა და პირის მიდამოები;
- სოციალური დისტანციის დაცვა;
- მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებსა და ისეთ სივრცეებს, სადაც სავენტილაციო სისტემები გაუმართავია;
- ხშირად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით; გამოიყენეთ სადეზინფექციო საშუალებები;
მომზადებულია BBC-ის, WP-ს, CDC-ს, Hopkinsmedicine-ის მიხედვით
ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენგო PTN.ge











