როგორ დამთავრდება კორონავირუსის პანდემია,- ეს ის კითხვაა, რომელიც მსოფლიო მოსახლეობას ერთ წელზე მეტია აწუხებს.
ისტორიკოსების თქმით, პანდემიებს როგორც წესი ორი სახის დასასრული აქვთ: სამედიცინო, როდესაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი მცირდება და სოციალური, როდესაც პანდემიის მიმართ საზოგადოების შიში იკლებს.
„როდესაც ადამიანები მეკითხებიან, თუ როდის დასრულდება ეს ყველაფერი, ისინი პანდემიის სოციალურ დასასრულს გულისხმობენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმ დროს, როდესაც საზოგადოება პანიკაში ყოფნას შეწყვეტს და ვირუსთან ერთად ცხოვრებას ისწავლის“,- ამბობს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მედიცინის ისტორიკოსი, ჯერემი გრინი.
|ებოლას ვირუსი და შიშის ეპიდემია
Royal College of Surgeon-ის ექიმის, სუსან მურეის თქმით, შიშის ეპიდემია, შესაძლოა დაავადების გავრცელების გარეშეც აღმოცენდეს.
სუსანი 2014 წელს ირლანდიის ერთ-ერთი სოფლის საავადმყოფოში მუშაობდა. იმ პერიოდში, როდესაც დასავლეთ აფრიკაში ებოლამ 11 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიაში ებოლას არცერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული, საზოგადოება ძალიან იყო შეშინებული.
„ხალხი ქუჩებში შეშინებული დადიოდა. კანის ფერის განსხვავება საკმარისი იყო იმისთვის, რომ ადამიანებს ერთმანეთისთვის თავი აერიდებინათ. თუ ვიღაც დააცემინებდა, ხალხი მისგან თავს შორს იჭერდა. საავადმყოფოს პერსონალი გააფრთხილეს რომ უარესისთვის ყოფილიყვნენ მზად. ექიმები შეშინებულები იყვნენ, ფიქრობდნენ რომ საკმარისი სამედიცინო აღჭურვილობა არ ჰქონდათ. როდესაც საავადმყოფოში პაციენტი მოვიდა, რომელიც იმ ქვეყნიდან იყო, სადაც ებოლა მძვინვარებდა, არავის უნდოდა მიკარებოდა. ექთნები დაიმალნენ, შეშინებული ექიმები კი საავადმყოფოს დატოვებით იმუქრებოდნენ. გადავწყვიტე მისთვის მემკურნალა. რამდენიმე დღეში ტესტმა აჩვენა, რომ ის ებოლათი ინფიცირებული არ იყო. თუმცა, მას კიბოს მძიმე ფორმა ჰქონდა და გარდაიცვალა. ამ შემთხვევიდან სამ დღეში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეპიდემია დასრულებულად გამოაცხადა“,- იხსენებს მურეი.
ექიმი მურეი აღნიშნავს, რომ შიშს ხშირად უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია ადამიანებისთვის, ვიდრე დაავადებას.
„თუ მზად არ ვართ ისე ვებრძოლოთ შიშს როგორც ვირუსებს ვებრძვით, ისინი უფრო მეტ ზიანს მიაყენებენ ადამიანებს. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ვირუსის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება. შიშის პანდემიას უფრო ცუდი შედეგები აქვს, ვიდრე რეალურ დაავადებებს“,- აღნიშნავს მურეი.
|შავი სიკვდილი- ჭირის პანდემია
ბოლო 2000 წლის განმავლობაში ჭირის პანდემია, რომელსაც ძირითადად ბუბონური ფორმა ჰქონდა, მსოფლიოს რამდენჯერმე დაატყდა თავს. მან მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მთლიანად შეცვალა ისტორიის მიმდინარეობა.
შავი ჭირის გამომწვევია გრამუარყოფითი ბაქტერია Yersinia pestis, რომელსაც სახელი ეწოდა მისი პირველაღმომჩენის, ალექსანდრე იერსენის პატივსაცემად. Yersinia pestis-ი ვირთხების რწყილებში ცხოვრობს. შავი ჭირი ადამიანიდან ადამიანზე რესპირატორული წვეთების საშუალებით ვრცელდება.

ისტორიკოსები შავი ჭირის სამ დიდ ტალღას გამოყოფენ: მეექვსე საუკუნე, 14 საუკუნე (შუა საუკუნეების ეპიდემია) და პანდემია, რომელიც მე-19 საუკუნის მიწურულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში მძვინვარებდა.
შუა საუკუნეების ეპიდემია ჩინეთში 1331 წელს დაიწყო და მოსახლეობის ნახევარი შეიწირა. ჩინეთიდან ის ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და შუა აღმოსავლეთში გავრცელდა. 1347-1351 წლებში ჭირმა ევროპის მოსახლეობის მესამედი მაინც იმსხვერპლა.
შავმა ჭირმა მესამედ, 1855 წელს ჩინეთში იფეთქა და მსოფლიოში გავრცელდა. მაშინ მხოლოდ ინდოეთში მან 12 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

უცნობია რამ გამოიწვია ბუბონური შავი ჭირის გაქრობა. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ცივმა ამინდმა ბაქტერიის მატარებელი რწყილების სიკვდილი გამოიწვია.
მეცნიერთა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ შავი ჭირის მესამე ტალღის დროს,მე-19 საუკუნეში, დაავადების გადამტანები მოყავისფრო თაგვები იყვნენ, რომლებიც ადამიანებისგან დამოუკიდებლად ცხოვრობენ. შესაბამისად, შავი ჭირის გავრცელება შეჩერდა. კიდევ ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ბაქტერია დროთა განმავლობაში ნაკლებად მომაკვდინებელი გახდა.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბუბონური შავი ჭირის შემთხვევები მსოფლიოში დღესაც ფიქსირდება. განსხვავება ისაა, რომ ინფექცია ენდემური გახდა. ახლა მისი მკურნალობა ანტიობიოტიკებითაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ შავი ჭირის შემთხვევები იშვიათია, ის მოსახლეობაში შიშს კვლავაც იწვევს.
|ყვავილი
იმ დაავადებებს შორის, რომლებმაც სამედიცინო დასასრულს მიაღწიეს, აღსანიშნავია ყვავილი. ამას ხელი შეუწყო რამდენიმე ფაქტორმა: არსებობს ეფექტური ვაქცინა, რომელიც ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე იცავს, მისი სიმპტომები იმდენად უჩვეულოა, რომ ექიმები ყვავილის იდენტიფიცირებას მალევე ახდენენ. შესაბამისად, კონტაქტების მოძიებაც დროულად ხდება.
დღეს ყვავილი კაცობრიობისთვის საშიშროებას აღარ წარმოადგენს, თუმცა იყო დრო, როდესაც მან მთელი მსოფლიო მოიცვა. მაშინ ყვავილი შემზარავად მძვინარებდა. ვირუსით ინფიცირებულ ადამიანებს აღენიშნებოდათ ტემპერატურა, გამონაყარი, რომელიც შემდეგ ჩირქებით სავსე ლაქებად გადაიქცეოდა ხოლმე და ადამიანის სხეულზე შრამებს ტოვებდა. ყოველი ინფიცირებული 10 ადამიანიდან სამი კვდებოდა.
ყვავილით ინფიცირებული უკანასკნელი ადამიანი ალი მაოუ მაალინი იყო. მან ვირუსისგან გამოჯანმრთელება შეძლო, თუმცა 2013 წელს მალარიით გარდაიცვალა.
|დავიწყებული გრიპები
დღეს, კორონავირუსის კრიზისის დროს, აქტუალურია „ესპანური გრიპის“ გახსენება.
1918 წლის გრიპის პანდემია ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებლად მიიჩნევა კაცობრიობის ისტორიაში, რადგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით 50-100 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გრიპის სამიზნე საშუალო ასაკის მოზარდები და ობოლი ბავშვები იყვნენ. ის მთელს მსოფლიოს მოედო.
რაღაც პერიოდის შემდეგ, გრიპი გაქრა. დროთა განმავლობაში ის ნაკლებად მომაკვდინებელი გახდა და უფრო კეთილთვისებიანი გრიპის ვარიანტად იქცა, რომელიც ყოველწლიურად ვლინდება.
სამედიცინო დასასრულთან ერთად, 1918 წლის გრიპის პანდემიას სოციალური დასასრულიც ჰქონდა. კერძოდ, პირველი მსოფლიო ომი დამთავრდა, ხალხს აღარ ეშინოდა, ისინი ახალი დასაწყისისთვის ემზადებოდნენ. ომი და პანდემია კი უკან მოიტოვეს.

აღსანიშნავია ასევე სხვა გრიპის პანდემიებიც. 1968 წლის ჰონგ-კონგის გრიპი, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით 1 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. გარდაცვლილთა უმეტესობა 65 წელს გადაცილებული ადამიანები იყვნენ. ეს ვირუსი მსოფლიოში დღესაც ცირკულირებს, მაგრამ მას სეზონური გრიპის ფორმა აქვს და მომაკვდინებელი აღარაა.
|როგორ დამთავრდება Covid-19-ის პანდემია
ისტორიკოსების ერთი ნაწილი თვლის, რომ კორონავირუსის პანდემიას ჯერ სოციალური დასასრული ექნება მანამდე, სანამ ის სამედიცინო დასასრულს მიაღწევს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანები შეზღუდვებით, შესაძლოა, იმდენად დაიღალონ, რომ პანდემია დასრულებულად გამოაცხადონ, მაშინაც კი თუ ვირუსი გავრცელებას კვლავაც განაგრძობს და ეფექტური მკურნალობის მეთოდი უცნობია.
„შეიძლება მივიდეთ იმ მომენტამდე, როდესაც ხალხი უბრალოდ იტყვის: საკმარისია. ვიმსახურებ, რომ ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდე. ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური დაძაბულობისა და იმედგაცრუების შედეგი იქნება“,- ამბობს ისტორიკოსი ნაომი როჯერსი.
როგორც როჯერსი აღნიშნავს, ზოგიერთ ქვეყანაში ეს უკვე ხდება. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების გაფრთხილების მიუხედავად ზოგიერთი ქვეყნის მთავრობამ შეამსუბუქა შეზღუდვები, გახსნა სპორტული დარბაზები, სალონები. ლოქდაუნის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური კატასტროფა სულ უფრო იზრდება. ადამიანები დაიღალნენ და უკვე მზად არიან რომ თქვან: „საკმარისია“.
„ახლა ჩვენ წინაშეა კონფლიქტი – ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები პანდემიის სამედიცინო დასასრულს ესწრაფვიან, მაშინ როდესაც მოსახლეობა სოციალურ დასასრულს ხედავს“,- ამბობს როჯერსი.
ექიმი ბრენდტი აღნიშნავს, რომ პანდემიაზე უცაბედი გამარჯვება არ იქნება.
„პანდემიის დასასრული ხანგძლივი და რთული პროცესია“,- ამბობს ბრენდტი.
მომზადებულია NY Times-ის მიხედვით
ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენტო PTN.ge











