„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე „მოქალაქეებთან“ და „გირჩთან“ ჩაშლილი შეხვედრის შსახებ საუბრობს და ამბობს, რომ ეს ფაქტი ოპოზიციის ერთობაზე ვერ იმოქმედებს.
„ვერ შეცვლის ოპოზიციაში იმას, რაზეც ერთიანები ვართ – საარჩევნო ბოიკოტზე და საარჩევნო საკითხებზე. „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“ თავიანთი დღის წესრიგი აქვთ, მათგან განსხვავებით, არავის თავს არ ვესხმით, არავის ეპითეტებით არ ვამკობთ, არანაირ ჭორებს არ ვიგონებთ. მათ თავიანთი გზა აირჩიეს, ეს ოპოზიციურ ერთობას ხელს არ უშლის. ეს არის ხუთი ადამიანი, აქეთ არის 50-55 ადამიანი, რომელთაც ერთიანი პოზიცია აქვთ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, ჩიხლაძე განამრტავს, რატომ არ გაიმართა პარტიებს შორის ცალკე შეხვედრა.
„ჩვენ ვთქვით, რომ შეხვედრის წინააღმდეგი არ ვართ. შეხვედრები იმართება სხვადასხვა ფორმატში და ისიც ვახსენეთ, რომ ხან ეთერებში ვხვდებით, ხან სხვა პარტიის ოფისებში ვხვდებით. ამას რაღაც განსაკუთრებული დრამატულობა და სცენების დადგმა არ სჭირდება. ასევე ვთქვით, რომ ეს პროცესი უნდა იყოს საერთო ოპოზიციასთან შეთანხმებული. აქედან გამომდინარე, უპრიანი იქნებოდა, რომ მთლიან ოპოზიციას გვემსჯელა. რაზეც არ უნდა ვიმსჯელოთ, ერთი და ორი პარტია რაღაცაზე თუ შეთანხმდნენ, თუ ამაში ოპოზიციური კონსენსუსი არ იქნება, აზრი არ ექნება. ამიტომაც ვთქვით, შევიკრიბოთ ერთად, ისედაც იგეგმება ამ კვირაში შეხვედრა და აქ განვიხილოთ ყველა საკითხი. ეს იყო პოზიცია და ეს გავაჟღერეთ გუშინ. დღეს კიდევ უფრო დარწმუნებულები ვართ, რომ ეს შეხვედრა საჭირო არ იყო. ბატონი ელისაშვილი, როგორც აღმოჩნდა, არის არასანდო პარტნიორი და ყველა პირისპირ შეხვედრა შეიძლება, მან სხვანაირად თარგმნოს. როდესაც გაფართოებულ ფორმატშიც კი გამოდის და ისეთ ამბებს ყვება, რომელიც საერთოდ არ მომხდარა, პირისპირ შეხვედრაზე მეტი შანსია. აქედან გამომდინარე, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ“, – განაცხადა ჩიხლაძემ.










