„მაშინ, როცა ჩვენ საქართველოში ვებრძვით ვირუსის გავრცელებას, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას გამუდმებით ხელყოფს გაეროს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მუდმივი წევრი სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის ახორციელებს ჩვენი სუვერენული რეგიონების: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას.
„რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ჩვენი სუვერენული რეგიონების: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას, ხოლო კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა დღესაც იმყოფება სავალალო მდგომარეობაში ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით.
რუსეთი გამუდმებით არღვევს ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის აგვისტოში მიღწეულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რუსეთის ფედერაცია, უგულებელყოფს რა მთელ მსოფლიოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებას, აგრძელებს პროვოკაციებს საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოს ეფექტიანი რეაგირების უმნიშვნელოვანესი რგოლის – რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ მედია პროპაგანდას.
ამასთან, საოკუპაციო რეჟიმები კიდევ უფრო ზღუდავენ სამედიცინო დახმარებას ადგილზე ეთნიკური ნიშნით, რის გამოც იღუპებიან ადამიანები, უბრალოდ იმიტომ, რომ მათ არ შეუძლიათ საოკუპაციო ხაზის გადმოლახვა და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღება.
ამჟამად საქართველო უკვე მუშაობს კორონავირუსის შემდგომ პერიოდში ეკონომიკის აღდგენის სტრატეგიაზე, რაშიც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერისა და რესურსების მობილიზების იმედი. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საერთაშორისო დახმარებით ჩვენ შევძლებთ ეკონომიკის მტკიცე, გრძელვადიან აღდგენას და საქართველოს ახალი პოზიციის უზრუნველყოფას ახალ გლობალურ წესრიგში“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
COVID-19 პანდემიის საკითხზე, გაერო-ს საგანგებო სესიის გენერალურ დებატებში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებმა, საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრებმა.











