რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად გაწეული დახმარებისთვის საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებას მადლობას უხდის.
მარია ზახაროვა, რომელიც რუსეთის საგარეო უწყებას წარმოადგენს ამბობს, რომ ამ მიმართულებით ორივე ქვეყნის საგარეო უწყებებმა მნიშვნელოვანი ყურადღება გამოიჩინეს. ამას ზახაროვა შესანიშნავი თანამშრომლობის მაგალითს უწოდებს.
РИА Новости მარია ზახაროვას სიტყვებს ციტირებს, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გარემოებებზე საუბრობს.
„მინდა ვთქვა, რომ ამ პროგრამამ არა მარტო ჩვენ გაგვაერთიანა, არამედ გაგვაერთიანა დიპლომატებთან, ჩინოვნიკებთან და აქტივისტებთან იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც საკმაოდ სერიოზული პრობლემები და უთანხმოებები გვაქვს. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ერთ მომენტში ქრება, როდესაც მათთან ისეთივე გამოხმაურებას ვხედავთ მათი მოქალაქეების დასახმარებლად, როგორიც ჩვენთან არის. გვაქვს შესანიშნავი ურთიერთქმედების მაგალითები ორივე ქვეყნის მოქალაქეების საკეთილდღეოდ როგორც უკრაინელ დიპლომატებთან, ისე საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე საქართველოს ოფიციალურ პირებთან. ზუსტად ასევე გვეხმარებოდნენ ისინი, ბელარუსები, საქართველო, დსთ-ის სხვა ქვეყნები, და არა მარტო დსთ“, – აღნიშნა ზახაროვამ ბრიფინგზე.
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო, რუსეთის ფედერაციამ მეზობელ ქვეყნებში მიმოსვლა შეზღუდა. შეზღუდვა შეეხო საერთაშორისო ფრენებსაც, რის გამოც რუსეთის მილიონობით მოქალაქეს სამშობლოში დაბრუნება გაუჭირდა.











