“დოსიე ცენტრის” მიერ დოკუმენტებით დადასტურებულ ინფორმაციას, რომ “პატრიოტთა ალიანსი” ოკუპანტი ქვეყნისგან მატერიალურ სარგებელს იღებს და რუსეთისგან ფინანსდება, პარტიის ყოფილი წევრები არ ადასტურებენ.
როგორც ემზარ კვიციანმა „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რუსეთი საქართველოში ყველა პარტიას აფინანსებს, გარადა „პატრიოტთა ალიანსისა”.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ვინ აფინანსებს, რუსეთი არ აფინანსებს?! ერთი რამ მაინტერესებს, ბიძინა ივანიშვილი ვინ არის – „ნაცმოძრაობის“ პროდასავლური ძალების აზრით, ის არის რუსი ოლიგარქი. დასავლეთიდანაც წამოვიდა მესიჯი, რომ ის არის რუსი ოლიგარქი. რუსმა ოლიგარქმა , ანუ რუსეთმა დააფინანსა „ნაცმოძრაობა“, დააფინანსა ყველა პარტია, რომელიც საქართველოში არსებობს. ამაზე ხმა არავის ამოუღია. დღეს რატომ გახდა „პატრიოტთა ალიანსი“ ინტერესის საგანი… ეს არის აბსოლუტური ტყუილი.
რატომ გამოუშვეს რუსებმა ეს ინფორმაცია, რატომ ატეხეს მთელი ამბავი, რომ აფხაზეთში ჩავიდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები, რატომ აუმხედრეს აფხაზეთში “მეომართა კავშირი”, რატომ გაატარეს საზღვრის იქით ინაშვილი და ლომია?! – იმიტომ, რომ როგორც ჩვევიათ, ხაფანგი დაუგეს თავის ჭკუით “პატრიოტთა ალიანსის” წევრებს. ისინი ალალად ჩავიდნენ აფხაზეთში. რაც უფრო კარგი ურთიერთობა გვექნება აფხაზეთთან, მით უფრო კარგი იქნება ჩვენთვისაც და მათთვისაც“,- განაცხადა კვიციანმა.
ინფორმაციისთვის, “დოსიე ცენტრის” ინფორმაციით, „პატრიოტთა ალიანსი“ რუსეთისგან ფინანსდება, არსებობს დოკუმენტები, რომლებიც ამ ვერსიას ადასტურებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი კი გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ “პატრიოტთა ალიანსზე” ოპონენტების მიერ უსაფუძვლო თავდასხმა მიმდინარეობს.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











