აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მოსახლეობას დამდეგ 2021 წელს ულოცავს. რუსლან აბაშიძის თქმით, ახალ წელს იმედითა და სასიკეთო ცვლილებების მოლოდინით ველით.
„ვისურვებდი, რომ ეს მოლოდინები გაგვიმართლდეს. განსაკუთრებულად ვულოცავ ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს, რომლებმაც პროფესიული თავგანწირვისა და ადამიანური შესაძლებლობის რესურსების ზღვარზე გაიარეს. ვულოცავ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ იძულებით დაშორიშორებულ საზოგადოებას, რომლებიც ყოველდღიურად განიცდიან ოკუპაციის ნეგატიურ შედეგებს. ჩვენი ვალია, ერთად ვიზრუნოთ ქვეყნის მომავალზე ისე, როგორც ზრუნავდნენ ჩვენი წინაპრები, ერთად დავძლიოთ არსებული გამოწვევები და წინ აღვუდგეთ საყოველთაო გათიშულობის მცდელობას.
ვისურვებდი, რომ 2021 წელი ყოფილიყოს, უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობის, ერთობის, ურთიერთგაგებისა და თანადგომის წელი. კიდევ ერთხელ ვულოცავ სრულიად საქართველოს და აფხაზეთის საზოგადოებას დამდეგ ახალ წელს. მშვიდობის, სტაბილურობისა და წარმატების წელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანის ოჯახისთვის!“- განაცხადა რუსლან აბაშიძემ.











