ჩაშლილი ოპოზიციური ერთობის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს:
„მე ყოველთვის ვიყავი და ვრჩები ერთიანობის მომხრედ. თავიდან ჩემი შეთავაზება იყო, ყველა ოპოზიციურ ჯგუფს გაეკეთებინა ერთიანი სია , აერჩია ერთიანი პრემიერობის კანდიდატი, რა თქმა უნდა, ეს მე არ ვიქნებოდი, და წასულიყო არჩევნებზე.
ბევრმა ჯგუფმა ეს უარყო და ამიტომ არ გამოვიდა.
მეორე, ჩვენი შეთავაზება იყო „ევროპული საქართველოს“ მიმართ და მოლაპარაკებები წარმოებდა რამდენიმე კვირა, რომ პარიტეტულ საწყისებზე თანაბრად დაგვეკომპლექტებინა სია, პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი წაეღოთ მათ და პრემიერობაზე მომხდარიყო ცალკე შეთანხმება და იქაც, რა თქმა უნდა, ჩემი კანდიდატურა არ განიხილებოდა. ესეც რაღაც მიზეზების გამო იქნა უარყოფილი“, – აცხადებს სააკაშვილი „ტვ პირველის“ კითხვის საპასუხოდ.
„ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ ამ ფორმულის განხორციელება ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებას შეუწყობდა ხელს.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი „ევროპულ საქართველოს“ ერთიანი სიის სანაცვლოდ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს სთავაზობდა.











