საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ კანონი ყველა შემთხვევაში უნდა აღსრულდეს, რადგან მის მიმართ სასამართლოს გამოტანილი აქვს განაჩენი.
როგორც ქანთარიამ თქვა, სააკაშვილის მიმართ კანონის აღსრულებას საზოგადოების დიდი ნაწილი აქამდეც ითხოვდა.
„თუმცა, მისი ფანებიც არიან და ისინი დაღონებული იქნებიან. მგონია, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების თაობაზე განცხადება კომედიურ ჟანრს სცდილდება, ფსიქიატრიულის განხრით მიდის. სინანულით მინდა, ვთქვა, რომ ამ დაწესებულებაში პრემიერებიც არიან, პრეზიდენტებიც, პროკურორებიც, მაკედონელებიც და ნაპოლეონებიც. ამ არეალში შეიძლება ამის განხილვა, მაგრამ მგონია, რომ ეს აკვიატება მალე გაივლის და მომავალში სააკაშვილს გულმოდგინე, ენერგიულ ტუსაღად ვხედავ, რომელიც შრომისმოყვარე კაცია, რომელიც კერავს ქუდებს, ხელთათმანებს“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა 27 აგვისტოს განაცხადა, რომ ბრუნდება. გუშინ კი, საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ დღეს დაბრუნების გეგმას წარადგენს.
დღეს კი გრიგოლ ვაშაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება.











