ინდოეთი კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის. ქვეყანაში საავადმყოფოები და კრემატორიუმები გადავსებულია.
მეცნიერები ჯერ კიდევ იკვლევენ უკავშირდება თუ არა ვირუსის შემთხვევების რაოდენობა ახალ მუტაციას.
რა ვიცით კორონავირუსის ინდურ შტამზე – მიმოხილვა

|რა ხდება ინდოეთში და რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება
- ინფიცირებისა და გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებლები
ინდოეთში მეხუთე დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება. 26 აპრილს ქვეყანაში ვირუსის 314,835 შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნული მაჩვენებელი პანდემიის დაწყებიდან მსოფლიოში ყველაზე მაღალია.
თუმცა, როგორც BBC-ი წერს, ინდოეთში ინფიცირებულთა რაოდენობა იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე ამას სტატისტიკა აჩვენებს. ამის მიზეზი ისაა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი კორონავირუსზე ტესტის გაკეთებაზე ან უარს ამბობს ან ხელი არ მიუწვდება. ასევე, სასოფლო დასახლებებში გარდაცვლილთა რაოდენობა აღრიცხული არ არის.


ინდოეთში მყოფი ექიმების თქმით, ინფიცირებული ადამიანები ქუჩებში იღუპებიან, რადგან საავადმყოფოები პაციენტებისგან გადავსებულია.
ბოლო მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში ვირუსით 17 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 197,894-ი. ვირუსოლოგები მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში ვირუსის ახალი შემთხვევების მზარდ მატებას ელოდებიან.
- საწოლების დეფიციტი
ქვეყანას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებული საწოლების საკმაოდ მცირე მარაგი აქვს. ოჯახების უმეტესობა იძულებულია საკმაოდ შორ მანძილზე წავიდეს, რათა თავიანთი საყვარელი ადამიანებისთვის თავისუფალი საწოლი იპოვონ.
დელიში, სადაც 20 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, საავადმყოფოები სრულად არის გადავსებული და ისინი ახალი პაციენტების მიღებას ვერ ახერხებენ. გადავსებულია ქუჩებში მოწყობილი სამედიცინო პუნქტებიც.
„სამი დღე დავდიოდით, რათა როგორმე თავისუფალი საწოლი გვეპოვა“,- უთხრა Reuters-ს ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

საწოლების დეფიციტის მოსაგვარებლად ინდოეთის ხელისუფლებამ მატარებლის ვაგონების პალატებად გადაკეთების გადაწყვეტილება მიიღო.
საავადმყოფოებად გადაკეთდა სპორტული დარბაზები და სტადიონები. აქ არსებული საწოლები გოფრირებული დაფისგან არის დამზადებული.


- ჟანგბადის ბალონების დეფიციტი
ინდოეთში ჟანგბადის ბალონების დეფიციტია. საავადმყოფოებს ინფიცირებული პაციენტებისთვის ჟანგბადის მარაგი არ ყოფნით. ამას ემატება ის ფაქტი, რომ სუნთქვის აპარატებზე მოთხოვნა ქვეყანაში ყოველდღიურად 6-8%-მდე იმატებს.
„ადამიანები ჟანბადს ვერ იღებენ და გზებზევე იღუპებიან. ისინი წყლის გარეშე მყოფ თევზებს გვანან“,- განაცხადა დელის მუნიციპალური ჰოსპიტალის ექიმმა, ჰარჯიტ სინგ ბჰატტმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიარაღებული ძალების რეზერვში არსებული ჟანბადის მარაგი ინფიცირებულ ადამიანებს მოხმარდებათ. მოსახლეობას ჟანგბადის ბალონებს ინდოეთის საჰაერო ძალები მიაწვდიან.

- კრემატორიუმები მასობრივი კრემაციისა და დაკრძალვის ცერემონიებს აწყობენ
ინდოეთში დამკრძალავი ბიუროები და კრემატორიუმები გადავსებულია. სწორედ ამიტომ მოსახლეობა მასობრივი კრემაციისა და დაკრძალვის ცერემონიებს აწყობს. მაგალითად, ცხედრების დიდი რაოდენობის გამო, დელიში კრემაციისთვის ერთ-ერთი ავტოსადგომის გამოყენება გახდა საჭირო.
„ამის ყურება საშინელებაა. არ მჯერა, რომ ინდოეთის დედაქალაქში ვიმყოფები. ადამიანებს ჟანგბადი არ ყოფნით და ისე იხოცებიან როგორც ცხოველები“,- განაცხადა ერთ-ერთი კრემატორიუმის ხელმძღვანელმა ჯიტენდერ სინგ შუნტმა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით
ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენგო PTN.ge











