საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებს მივაწოდეთ ინფორმაცია დღევანდელი ეპიდვითარების შესახებ, რამდენი კრიტიკული პაციენტი გვყავს და რა მეთოდოლოგიით ვმართავთ ვითარებას, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
„საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებს მივაწოდეთ ინფორმაცია დღევანდელი ეპიდვითარების შესახებ, რამდენი კრიტიკული პაციენტი გვყავს და რა მეთოდოლოგიით ვმართავთ. რა თქმა უნდა, მათაც აქვთ გარკვეული შენიშვნები, ეს შენიშვნები შეიძლება იყოს კლინიკაში ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებთან დაკავშირებული. მათთან ერთად ორშაბათს ან სამშაბათს გვექნება ახალი პროტოკოლი მიღებული, ვთქვათ, ვინ უნდა მოხვდეს კლინიკაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები შეთანხმდება კლინიკურ ჯგუფთან ერთად, სამინისტროსთან, უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებთან.
რაც შეეხება მკურნალობის პროტოკოლს, რადიკალური ცვლილება ვერ განხორციელდება. ამ ეტაპზე, ეს არც ჩვენთან მოხდება, არც საზღვარგარეთ, რადგან იცით, სამწუხაროდ, არ არსებობს კორონასთან ბრძოლის არც პროფილაქტიკური, არც პათოგენეზური სამკურნალო-საწამლო საშუალებები. მხოლოდ და მხოლოდ გვაქვს სიმპტომური თერაპია. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმედი მაქვს, მალე ჩვენი ქვეყანა კორონავირუსს დაამარცხებს, ყველანი ერთად გადავრჩებით“, – განაცხადა ლევან რატიანმა.











