„ევროპული საქართველოს “ წარმომადგენლებმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით მიმართეს.
როგორც, „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა წევრმა, ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა, ოპოზიციას სხვა გზა აღარ ჰქონდა დარჩენილი.
„სერიოზული დარტყმა არის ჩემთვის ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ჩააგდო “ქართულმა ოცნებამ” საქართველო. მაშინ როცა გართმევენ არჩევანს, მაშინ როცა საშუალება აღარ არის, რომ ამ ქვეყანამ განვითარება ჰპოვოს არჩევნების სახით, ამ დროს ამ გადაწყვეტილების გარდა სხვა გზა აღარ გრჩება ადამიანს. ეს არის ჭეშმარიტი, სწორი გადაწყვეტილება ოპოზიციისა, ამიტომ მე ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ ამ გადაწყვეტილებით იმიტომ, რომ მე მინდა, რომ ეს ქვეყანა განვითარდეს და ეს ქვეყანა წავიდეს წინ, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” სამწუხაროდ, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება ჩააგდო ამ მდგომარეობაში”, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.
დღეს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტს „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ მიმართა.











