ნინუცა მაყაშვილზე შესაძლო ძალადობას ომბუდსმენი შეისწავლის. ინფორმაციას სახალხო დამცველის ოფიციალური გვერდი ავქეყნებს.
“საზოგადოების დიდი ნაწილის სოლიდარობის მიუხედავად, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით არაერთი დისკრიმინაციული განცხადება გაკეთდა, მათ შორის საჯარო პირების მხრიდან. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო რუსთაველის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურუას, პარლამენტის წევრის ელისო ბოლქვაძის და სხვათა კომენტარები, ქალის ფინანსურ ინტერესსა თუ საჯაროდ დაგვიანებით საუბართან დაკავშირებით. ასეთი განცხადებები აკნინებს ძალადობის ფენომენის სერიოზულობას და მსხვერპლებს საზოგადოების მხარდაჭერის და ძალადობისგან თავის დაღწევის რწმენას უკარგავს.
საქართველოს სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია საგამოძიებო უწყებების მხრიდან ეფექტიანი რეაგირება, რათა სავარაუდო დანაშაულს პასუხი კანონის ფარგლებში გაეცეს. ამასთან, მოუწოდებს საზოგადოებას და განსაკუთრებით საჯარო პირებს, თავი შეიკავონ ძალადობის წამახალისებელი, მისი მნიშვნელობის დამაკნინებელი და დისკრიმინაციული განცხადებებისგან. სახალხო დამცველის აპარატი, მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, შეისწავლის აღნიშნულ შემთხვევას და მასზე შესაბამისი უწყებების მხრიდან განხორციელებულ რეაგირებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში თქვა, რომ ყოფილი ქმარი, მსახიობი ბესო ზანგური მასზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა, მათ შორის ორსულობის დროსაც.










