სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ერთ-ერთ არხზე გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელშიც საუბარი იყო წინასაარჩევნო კამპანიაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლის ჩართულობაზე, განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მკაცრად არის გამიჯნული პოლიტიკური პროცესებისაგან.
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, 2020 წლის 26 ოქტომბერს ერთ-ერთ სატელევიზიო არხის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელშიც საუბარი იყო წინასაარჩევნო კამპანიაში, თითქოსდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლის ჩართულობაზე.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მკაცრად არის გამიჯნული პოლიტიკური პროცესებისაგან. უწყების არც ერთი თანამშრომელი არ არის ჩართული წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში.
სიუჟეტში დასახელებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელი მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში (1-ლი სექტემბრიდან) იმყოფებოდა სამსახურში ქ. ქუთაისში და ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კი გადავიდა თვითიზოლაციაში, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია პოლიტიკური ნეიტრალიტეტი”,-აღნიშნულია განცხადებაში.











