“საკონსტიტუციო ცვლილებების დაინიცირების პასუხად ქუჩის რადიკალიზმი და პარლამენტის არალეგიტიმურობაზე განცხადებები მივიღეთ, პარლამენტში მუშაობა სურთ, ამაზე შეთანხმდნენ და ამის შემდეგ დავიწყებთ კონსულტაციებს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„რა საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობენ, როცა უარს ამბობენ საკუთარი ამომრჩევლის ნების განხორციელებაზე პარლამენტში. სამწუხაროდ, ზოგი პარლამენტიდან წავიდა, ვინც დარჩა, მათი ნაწილი ბოიკოტს აცხადებს, არ დადის და ქუჩის პროცესებზე არის გადასული. ამიტომ როცა ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრე არიან, მათი განცხადება გაუგებარია,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისათვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა:
„მომდევნო არჩევნები“ პროექტიდან ამოღებული იქნება, შესაბამისად, ბარიერის შემცირებაც და პროპორციულ სისტემაზე გადასვლაც მხოლოდ 2024 წელს მოხდება და რიგგარეშე არჩევნებზე არ გავრცელდება. მისივე თქმით, მათ ცვლილებების მიღების ვალდებულება არ აქვთ და თუკი ამას გააკეთებენ, ეს შეიძლება იყოს პატარა საჩუქარი ოპოზიციისთვის”.










