ფრაქცია „ლელოს” წევრის, დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა უხეში პოლიტიკური შეცდომაა.
„მათ პარლამენტში შემოსვლაზე კატეგორიული პოზიცია ჰქონდათ და ამ პოზიციას გადახედეს. ახლა აქვთ კატეგორიული პოზიცია შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე. მიმაჩნია, რომ ეს არის მცდარი პოზიცია, რადგან ეს დოკუმენტი გახდება საფუძველი ქვეყანაში გარდამტეხი პოლიტიკური ცვლილებების. ქართველი ხალხი ადეკვატურად დააფასებს იმ პოლიტიკური მოთამაშეების გადაწყვეტილებას, ვინც დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ცხადია, „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, რა პოზიციას დაიკავებენ. ვფიქრობ, რომ ეს არ დაეხმარება მათ პოზიციონირებას არც საერთაშორისო ასპარეზზე და არც ქვეყნის შიგნით. მიმაჩნია, რომ პარლამენტში სრულფასოვანი მუშაობის უფლება ყველა ოპოზიციონერს უნდა ჰქონდეს, მათთვის საპარლამენტო საქმიანობის შეზღუდვა სწორი არ მგონია, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა უხეშ პოლიტიკურ შეცდომად მიმაჩნია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.











