საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ხვდება.
ლომჯარიას განცხადებით, პრეზიდენტთან 5-6 ივლისს მომხდარ თავდასხმებზე ისაუბრებს.
„პრეზიდენტი ჩვენი სახელმწიფოს მეთაურია. მინდა, ჩემი მოსაზრებები და წუხილები გავუზიარო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ასევე, ვესაუბრო გამოძიებასთან დაკავშირებითაც.
მოგეხსენებათ, არაერთხელ განვაცხადე და შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მოვუწოდე, დაიწყონ გამოძიება დანაშაულებრივი, ორგანიზებული თავდასხმების ორგანიზატორების გამოსავლენად. სამწუხაროდ, დღემდე, ეს არ მომხდარა. ამაზე მინდა ვესაუბრო პრეზიდენტს და ზოგადად, შექმნილ ვითარებასა და იმაზე, თუ რას ფიქრობს თავად“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, აგრესიული ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაკავებულია 20-ზე მეტი თავდამსხმელი.










