დღეს „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. პლატფორმა საარჩევნო კომისიის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომელიც 26 ოქტომბრის 22.00 საათის შემდეგ თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი, ასევე კლინიკებში მოთავსებული კოვიდპაციენტების კენჭისყრაში მონაწილეობას ეხება.
„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის აღმასრულებელი დირექტორის, თენგო თევზაძის განაცხადებით, ცესკომ არჩევნებში მონაწილეობა უნდა უზრუნველყოს ნებისმიერი ამომრჩევლისთვის და ამომრჩეველს არ უნდა წაართვას ხმის მიცემის კონსტიტუციური უფლება.
„საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ითხოვს სადავო ნორმის იმ შინაარსის შეჩერებას, რომელიც გამორიცხავს 26 ოქტომბრის 22:00 საათის შემდეგ თვითიზოლაციაში, კარანტინში და კოვიდ ინფიცირებული ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას“- განაცხადა თევზაძემ.
„ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებული დადგენილების მიხედვით, ხმის მიცემის შესაძლებლობას კარგავენ ის ამომრჩევლები, რომლებიც 2020 წლის 26 ოქტომბრის 22:00 საათის შემდეგ გადავლენ თვითიზოლაციაში. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით შესაძლოა ათეულობით ათასმა ადამიანმა დაკარგოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება“- აღნიშნა “სამოქალაქო საზოგადიება 20/20-“-ის იურისტმა ალიკა კუპრავამ.
შეგახსენებთ, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ცესკოს მიერ აკრედიტებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა.
ცესკოს დადგენილების თანახმად, 31 ოქტომბერს საკარანტინო სივრცეებში, სტაციონარებში, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეებისთვის სპეციალური ჯგუფები შეიქმნება, რომლებიც საარჩევნო ყუთს ამომრჩევლებთან მიიტანენ.
ამ ამომრჩევლების დასადგენად კი შეიქმნება სპეციალური სიები. მონაცემებს ცესკოს სხვადასხვა უწყებები მიაწოდებენ. ცესკო სპეციალურ სიაში ავტომატურად გადაიყვანს ყველა იმ ადამიანს, რომლებიც არჩევნების დღეს კორონავირუსის მიზეზით სამკურნალო დაწესებულებასა და საკარანტინო სივრცეში იქნებიან მოთავსებული.
რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს, ისინი სპეციალურ სიებში მოხვდებიან იმ შემთხვევაში, თუ 24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე მიმართავენ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს ნომერზე +995 32 251-00-51; შიდა ნომერი „0“.
ამ ეტაპზე აჭარაში იზოლაციაში, კლინიკებსა და კოვიდსასტუმროებში მყოფი ამომრჩევლებისთვის 24 საარჩევნო უბანია შექმნილი.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











