დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ კორონავირუსი მსოფლიოს მინიმუმ მომავალი წლის ზაფხულამდე შეუტებს.
იმნაძე იმედოვნებს, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უახლოეს მომავალში შეიქმნება, რაც ექიმებს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.
„სამწუხაროდ, მინიმუმ მომავალი წლის ზაფხულამდე კორონა არსად წასვლას და კაცობრიობისთვის თავის დანებებას არ აპირებს იმედია მანამდე ეფექტური ვაქცინები იქნება, რაც მეტ-ნაკლებად კიდევ უფრო მოგვცემს საშუალებას, რომ სიტუაცია ვმართოთ. მანამდე რაც არის კორონასთან ბრძოლის საშუალება, რომელიც ჩვენი წინის წინა თაობის ეპიდემიოლოგების და იმაზე უფრო ადრეც კი არის მოგონილი, დღესაც სამწუხაროდ იმ მეთოდებით ვსარგებლობთ. ეს არის: ნიღაბი, დახურულ სივრცეში და როცა დისტანციის დაცვა არ შეგვიძლია ღია სივრცეშიც და ჰიგიენა, ხელების ხშირი დაბანა, ეს არის დღეს ჩვენი ვირუსთან ბრძოლის ძირითადი საშუალებები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის 17 გამოვლინდა სვანეთის რეგიონში, რასაც მესტიის ჩაკეტვა მოყვა. საერთო ჯამში ჩვენს ქვეყანაში COVID-19-ის 1250 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 1010 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.











