საქართველო 10-14 დღეში პრეპარატ რემდესივირს მიიღებს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჯანდაცვის მინისტრისა და რეანიმატოლოგთა ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში მოქალაქეები „ტრამპის სტანდარტით“ იქნებიან უზრუნველყოფილები.
„როგორც მინისტრმა ბრძანა, შემუშავებულია მექანიზმი, რომ 10-14 დღეში მოწოდება განხორციელდება და 25-30 ოქტომბრიდან, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ავად არიან, ყველა იმ მოვლასთან ერთად დაემატება დღეისთვის ნომერ პირველი საშუალება, რემდესივირი, ცოტა უფრო მოგვიანებით კი დაემატება მონოკლონური კვლევა. საქართველოში რიგითი მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება ტრამპის სტანდარტით“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.











