საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია სტუმრობს.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კერძოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან. გაიმართება შეხვედრა საქართველოს პარლამენტშიც. ვიზიტის ფარგლებში, კონგრესმენები ასევე მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს.
შეხვედრების დროს მთავარი განსახილველი თემები ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობასა და უსაფრთხოებას შეეხება. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი).
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციის ვიზიტი დღეს დაიწყება და 9 სექტემბრამდე გაგრძელდება.









