შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის DN-700მმ-იან მაგისტრალურ გაზსადენზე ავარიულ-აღდგენით სამუშაოებს განახორციელებს. ინფორმაციას გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.
მათი ცნობით, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, 06:00 საათიდან 18:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდებათ შპს „ენერგოკავშირის“, შპს „ყამარისა“ და შპს „ვარკეთილაირის“ მომხმარებლებს, კერძოდ: მუხიანის I, II, III, IVა და IVბ მიკრორაიონებს, ასევე გლდანის ხევის მიმდებარე კერძო დასახლებას. ბუნებრივი გაზის მიწოდება ასევე შეუწყდებათ მუხიანის აგარაკებს, ზღვის უბანს: ავშნის, ნუშის, გობრონიძისა და ფრანგიშვილის ქუჩებს, ასევე ვარკეთილი III-ის I, II, III და IV მიკრო რაიონებსა და სოფ. პატარა ლილოს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომხმარებლების ინდივიდუალურ გაფრთხილებას უზრუნველყოფენ შესაბამისი ლიცენზიანტი ორგანიზაციები.
„შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.










