გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და საქართველოში ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.
გიორგი ფხაკაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემა პანდემიასთან გასამკლავებლად მზად არ არის, რადგან საავადმყოფოების უმრავლესობა კერძო საკუთრებაშია, რის გამოც არანაირი კონტროლი არ არსებობს.
ფხაკაძე “ლოქდაუნის” აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კერძო კლინიკები ხშირად პაციენტების მიღებაზე უარს ამბობენ და მათ ეუბნებიან, რომ კოვიდიანი პაციენტები კოვიდ ცენტრში უნდა წავიდნენ. კოვიდ ცენტრებში ადგილების სიმცირის გამო კი პაციენტები მკურნალობის გარეშე რჩებიან.
“არანაირი კონტროლი არ არსებობს საავადმყოფოების. მათი დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაშია. ვერც ერთი ქართულ საავადმყოფოში ვერ ჩამოყალიბდა ის მინიმალური ხარისხის კონტროლი, რაც უნდა იყოს. ეს იმის მაჩვენებელია, რომ მენეჯმენტი არ ვარგა, ისინი არ არიან მზად ეპიდემიებისთვის, ისინი მზად არიან ფულის შოვნისთვის. იმისთვის, რომ ძვირადღირებული სერვისები შემოგთავაზონ, რაც არ გჭირდებათ. ჯანდაცვა არის მთლიანად ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ჯანდაცვა უნდა იყოს პოლიტიკის გარეშე. ეს არის კომუნისტური, საბჭოთა ჯანდაცვა და ეს არის კრიმინალი,” – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.











