საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, მე-40 პაციენტი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ის 81 წლის მამაკაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
მამაკაცი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალიდან სასწრაფო სამედიცნო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 28 სექტემბერს გადაიყვანა.
დიაგნოზი: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული დაავადების გამწვავება.
პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: გულის ათეროსკლეროზული დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.
საქართველოში კორონავირუსის სულ 6640 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის გამოჯანმრთელდა 3419 და გარდაიცვალა 40 ინფიცირებული.
კარანტინის რეჟიმში – 5392, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 ადამიანი იმყოფება.
კოვიდ სასტუმროში მყოფი სულ 1100 პირია. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 41 მოქალაქეა.











