ხელფასებში განსხვავება გენდერული მიმართულებით კვლავაც მნიშვნელოვანი რჩება, რადგან ქალები იღებენ მამაკაცთა საშუალო თვიური ხელფასის ორ მესამედზე ნაკლებს. ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს თანაფარდობა საკმაოდ სტაბილური რჩება ისე, რომ შრომის ანაზღაურებაში გენდერული სხვაობის შემცირება მკვეთრად გამოკვეთილი არ არის, – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალ სტატისტიკურ პუბლიკაციაში „ქალი და კაცი საქართველოში 2020“ წერია.
„შრომის ბაზარში ჩართულობა, რაც პირდაპირ გულისხმობს, რომ პირი არის დასაქმებული ან აქტიურად ეძებს სამუშაოს, წარმოადგენს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს. შესაბამისი სამუშაო ძალის მონაწილეობის დონის სტატისტიკური მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში მამაკაცებისთვის შეადგენდა დაახლოებით 62-67% და ქალებისთვის 42-46%, რაც მიუთითებს შრომის ბაზარზე არსებულ მნიშვნელოვან განსხვავებაზე გენდერული მიმართულებით.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოში ქალების უმუშევრობის ტრადიციულად დაბალი დონე, მამაკაცებთან შედარებით, შეიძლება დამაბნეველი აღმოჩნდეს. თუმცა ამის ახსნა მარტივია: უმუშევრად ითვლება ის, ვინც აქტიურად ეძებს სამუშაოს და მზად არის თითქმის დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა. იქიდან გამომდინარე, რომ ქალები შრომის ბაზარზე ნაკლები აქტიურობით გამოირჩევიან, უმუშევარი ქალების წილიც შესაბამისად, დაბალი გამოდის“ – წერია პუბლიკაციაში.











