საქმე სახუმაროდ არ გვაქვს, ეპიდემია წინ მიდის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„თუ დავიცავთ რეკომენდაციებს შედარებით მსუბუქად გადავიტანთ. ამ სერიოზულ პანდემიას და ამ ძალიან დიდ გამოწვევას გავუმკლავდებით, რომელიც სამწუხაროდ, საუკუნეში ერთხელ ან ორჯერ ხდება,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ინფიცირების რიცხვი გაიზრდება თბილისშიც.
„თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია. თბილისში ინციდენტობა უფრო დაბალია, ვიდრე აჭარსა და იმერეთში, თუმცა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა თბილისში გვექნება“,- აღნიშნა მან.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამჟამად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 32127-ს შეადგენს. აქედან გამოჯანმრთელებულია 12632 ადამიანი. ამასთან, დღეს ქვეყანაში ყველაზე მეტი, 23 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3769 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 3832.











