რესტორნების, კაფე-ბარებისა და კვების დაწესებულების ხელმძღვანელები პრემიერ-მინისტრს შეზღუდვების გადახედვის თხოვნით მიმართავენ.
მათ კანცელარიაში წერილი ჩააბარეს და გიორგი გახარიას სარესტორნო და კაფე-ბარების ბიზნესის გადასარჩენად რამდენიმე პუნქტიანი გეგმაც კი შესთავაზეს.
ხელმძღვანელების თქმით მათი ბიზნესები გაკოტრების პირასაა და არამარტო მუშაობის განახლების უფლებას, არამედ გარკვეული შეღავათების დაწესებასაც ითხოვენ.
ისინი მოითხოვენ, რომ თანამშრომლების ხელფასის 50 პროცენტი ხელისუფლებამ გადაიხადოს. გარდა ამისა, მათი მოთხოვნაა დაწესდეს შეღავათები კომუნალურ გადასახადებზე და მოხდეს სარესტორნო ბიზნესისთვის აღებული სესხის პროცენტის სუბსიდირება.
“ვინაიდან ბიუჯეტი და სახელმწიფოს ეკონომიკა უკვე დაზიანებულია და უფსკრულშია, სჯობს რომ გავიხსნათ. ჩვენ საზოგადოებამ უნდა ავიღოთ ვალდებულება, ვიაროთ ნიღბებით, ჩავატაროთ ხშირად დეზინფექცია და ის რეგულაციები, რასაც აქამდე ვიცავდით, გავაგრძელოთ. აქედან გამომდინარე გამოსავალი იქნება ის, რომ გავიხსნათ, სხვა გზას ვერ ვხედავ,” – განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა, გურამ ბაღდოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ლევან ქოქიაშვილი აცხადებს, რომ სარესტორნო ბიზნესი ხელისუფლებამ მარტო დატოვა დახმარების გარეშე და ის ფაქტობრივად უფსკრულის პირასაა.
“2 წლის განმავლობაში მხოლოდ 11 რესტორანს 12 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტში შეტანილი და ჩვენ ვართ ერთ-ერთი ის სექტორი, რომელსაც სახელმწიფოსთვის ძალიან დიდი შემოსავალი შემოაქვს და როდესაც ჩვენი დახმარების დრო დადგა, სრულიად მარტო აღმოვჩნდით. ეს სფერო, ფაქტობრივად, უფსკრულის პირასაა”, – განაცხადა აქციის ერთერმა მონაწილემ, ლევან ქოქიაშვილმა.











